პრეზიდენტი არ აპირებს, დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების წევრი ქალებისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში თავის გეგმებს თავად გააცნობს საზოგადოებას.
„ორი თვე რჩება კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებამდე. პრეზიდენტს აქვს დიდი სურვილი, კოორდინირებულად მოხდეს მოქმედება, რათა, შეუსრულებელი პირობების მიუხედავად, ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მას ამ თვალსაზრისით აქვს საკუთარი ხედვაც, რა უნდა გაკეთდეს და ამას თავად გააცნობს საზოგადოებას. ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ, მიუხედავად იმისა, დღეს „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსს, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა ევროკავშირში პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში ვერ იქნება მოწოდება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება. ამიტომ ახლა გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის იმპულსი.
პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს უახლოეს მომავალში თავად გააცნობს საზოგადოებას. ერთი რამ ნათელია, ის არ აპირებს, დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს, გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. როგორ? ამას თავად გაგაცნობთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.