ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოჩამჩირეში არსებულ ბაზაზე სამხედრო ხომალდების განთავსებას აპირებს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ნათელია, რომ რუსეთი აპირებს ოჩამჩირეში არსებული ბაზა გააძლიეროს და ძალიან ფუნქციონალური გახადოს, რათა შემდგომში ყირიმიდან მისი ფლოტი გადმოიყვანოს.
მისი თქმით, ეს ძალიან მძიმე ამბავია, რადგან აძლიერებს რუსეთის გავლენას, აღრმავებს ოკუპაციასა და აახლოვებს საომარ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიასთან.
„ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს სუპერაქტიური და ყველგან უნდა ცდილობდეს ამ საკითხის წინ წამოწევას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა, როცა ასეთი სიტუაციაშიც კი არაფერი არ უნდა თქვა გარდა მცირე განცხადებებისა, არ არის პოლიტიკა, რომელიც ამგვარ სტრატეგიას შეეწინააღმდეგება.
რამდენი ხანია არ მოგვისმენია მაგალითად 12 აგვისტოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, მოწოდება და ზეწოლა?! - ამ შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქითაა, ისინი უახლოვდებიან ჩვენს ტერიტორიებს, მათ შორის, ოჩამჩირეში არსებული ბაზის განვითარებით“ - თქვა გიგი წერეთელმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხდა, რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.