რუსეთი ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანას გეგმავს. რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა გემები გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, თუმცა პორტი პატარაა და არ შეუძლია ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნით გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.
„ოჩამჩირეში – ეს აფხაზეთია – აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ძალებს შორის პანიკაა.
„ოკუპანტებს შორის პანიკური განწყობებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მათი ობიექტების დაზიანებას და რუსეთის საზღვაო ძალების შემადგენლობის დაკარგვას. მათ ესმით, რომ ომი ყირიმის ტერიტორიაზე გადავიდა“, - დასძინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.