ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის, 2008 წელს, მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ პორტის გაფართოების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, რომ რუსეთს უკვე გადაჰყავს შავი ზღვის ფლოტის გემები ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში, კობახიძემ აღნიშნა: „უკრაინის დაზვერვაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იცით, რაც ხდება უკრაინის დაზვერვის სამსახურში“.
რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.