გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ოთარ შამუგია, 23 ოქტომბერს კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის. სხდომა სასტუმრო „პულმანში“ გაიმართება.
უწყების ცნობით, საქართველო, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრას 2023 წლის 23-26 ოქტომბერს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საქართველოში ამ შეხვედრის გამართვის შესახებ მიღებულ იქნა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 36-ე შეხვედრაზე.
კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, საბჭოს სხდომაში 300-მდე მონაწილეა, რომელთა შორის არიან თავად საბჭოს წევრები, მათი ალტერნატიული წევრები, მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან დამკვირვებლები, აკრედიტირებული ორგანოები და სხვა უწყებები.