საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას.
„არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ შეიძლებოდა, ნაკლები ეკადრა, თუმცა გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, პირდაპირ თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გამოიყენა უხეში ტერმინები – სირცხვილია და ასე შემდეგ. მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. შეგახსენებთ, ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და უზრდელობს. როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ზეპარტიული, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ეს მისი პრობლემა და მისი საქმეა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მათ აქვთ სრული კოორდინაცია. რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უფრო ძლიერი სურათისთვის გადითო, სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ერთად დგამენ „კარწინკას“. „ნაცმოძრაობამდე“ დავიდა სალომე ზურაბიშვილი, მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც სამარცხვინო ქმედებაა. მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ასე შემდეგ. ძალიან კარგად იცის, რომ ამ სცენარებით მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულის ტოლია. მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შეგახსენებთ, ეს არის პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს. ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება, გამოდის, რომ ორ მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია, რაც „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს
მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, ინსტიტუტები მოშლილიაო. მინდა, შეგახსენოთ ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს, უკვე მეთორმეტე წელი დაიწყება, რაც მშვიდობას ვინარჩუნებთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დეკემბერში ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ასე აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილს და აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, ისევე როგორც „ნაცმოძრაობას“. მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება, ის ბოლომდე მიჰყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც თავის მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიჰყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.