ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News-მა ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც, ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქალაქ ოლეშკიში რუსმა ოკუპანტებმა როგორ შეიყვანეს მძიმე სამხედრო ტექნიკა, შეიტანეს საბრძოლო მასალა, გაამაგრეს პოზიციები და სამხედრო ძალების როტაცია განახორციელეს.
Sky News-ის ცნობით, უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდებოდა, ტელეარხის ჟურნალისტ სტიუარტ რამზისა და მის გადამღებ ჯგუფს დრონების მართვის ცენტრში ექსკლუზიური წვდომა მისცა.
„ვიდეოში ჩანს, როგორ განათავსებენ რუსი სამხედროები მძიმე სამხედრო ტექნიკას და შეაქვთ საბრძოლო მასალა“, - იუწყება ტელეარხი.
სიუჟეტის თანახმად, ოკუპირებული ქალაქიდან მოსახლეობის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციის პარალელურად, კრემლის მიზნებთან დაკავშირებით ეჭვები და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოების გამო შეშფოთება კვლავ არსებობს.
„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საფარქვეშ რუსმა სამხედროებმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება დაიწყეს. ქუჩებში აშკარად ჩანდა მძიმე ჯავშანტექნიკა. უკრაინელების განცხადებით, ამას ჰუმანიტარულ მისიასთან კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია Sky News-ის სიუჟეტში.
გარდა ამისა, დრონებით გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რუს სამხედროებს დიდი ტომრები სახლებში და სარდაფების მქონე შენობებში შეჰქონდათ. ოკუპანტები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და დაზიანებულ, დამწვარ შენობებში შედიოდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 34-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, დმიტრო პულინეცის განცხადებით, ადრე რუსი სამხედროები ქალაქში გადაადგილებას ვერც კი წარმოიდგენდნენ.
„ახლა მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ბოლო რამდენიმე დღეა, ეს გადაადგილება მუდმივად მიმდინარეობს - როგორც დღისით, ისე ღამით“, - განაცხადა მან.
ბრიტანულმა ტელეარხმა ასევე გადაიღო, როგორ გაჰქონდათ ცხედრები საავადმყოფოს პროზექტურიდან.
„ცხედრებს ტომრებში ათავსებდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანაში ტვირთავდნენ. ყველა ეს თეთრი ტომარა ცხედარია. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს ადამიანები დაიღუპნენ და ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან. ახლა კი რუსები მათ ცხედრებს მიასვენებენ. აქ არანაირი გამოძიება არ ჩატარდება და არავინ დასვამს კითხვას, რა დაემართათ ამ ადამიანებს“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და დასძენს, რომ 30-ზე მეტი ცხედარი დაითვალა.
სტიუარტ რამზის თქმით, რუსები ოლეშკის მცხოვრებლებს დაღუპულების დაკრძალვის უფლებას არ აძლევდნენ.
დრონით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გადააქვთ რუს სამხედროებს თეთრი ყუთები.
„ამას ჰუმანიტარულ მისიასთან კავშირი არ ჰქონია“, - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.
პულინეცის განცხადებით, მისმა ქვედანაყოფმა დააფიქსირა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში რუსებმა ყველა საარტილერიო სისტემა აღადგინეს, დაიბრუნეს მანამდე დაკარგული პოზიციები, განახორციელეს პირადი შემადგენლობის როტაცია, დამატებითი ძალები და საშუალებები შეიყვანეს, გაზარდეს საჰაერო დაზვერვის საშუალებების რაოდენობა და საწვავის მარაგები შეავსეს.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის რაიონში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საკუთარი ქვედანაყოფების როტაციისთვის, პოზიციების გასამაგრებლად, გზებზე ანტიდრონული დაცვის გასაძლიერებლად და ლოგისტიკის გასაფართოებლად გამოიყენა.
ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრის ღამის 03:00 საათიდან 1-ელი ნოემბრის 22:59 საათამდე მოქმედებდა. შეთანხმების მიზანი ქალაქში ჰუმანიტარული მისიის ჩატარება იყო.
რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლეშკის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
31 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ევაკუირებულმა უკრაინის ყველა მოქალაქემ სახელმწიფო საზღვარი ჩერნიჰივის ოლქში გადაკვეთა.