წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს ვიდრე არ გავეცნობი, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა თუ ეს მოსამართლეები ავითარებენ აზრს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, რომ ისინიც უხეშად უპირისპირდებიან საკუთარ პროფესიულ ღირსებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პლენუმის ექვსი წევრისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
კობახიძის თქმით, იმედი აქვს, აღნიშნული მოსამართლეები საპირისპიროს არ აცხადებენ.
„ვიდრე არ გავეცნობი ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს, მანამდე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. დიდი იმედი მაქვს, ისინი საპირისპიროს არ აცხადებენ. იმედი მაქვს, ისინი არ აცხადებენ, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია. ანუ, თუ ისინი ავითარებენ ამ აზრს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, გამოდის, რომ ისინიც უხეშად უპირისპირდებიან საკუთარ პროფესიულ ღირსებას, ეს იქნებოდა წარმოუდგენელი ნაბიჯი. ეს ადამიანები მათ შორის უნივერსიტეტებშიც ასწავლიან, ზოგიერთი მაინც. ეს იქნებოდა უბრალოდ იმ უნივერსიტეტების შეურაცხყოფა, როდესაც შენ სხვანაირად ხსნი პირველი კურსის კაზუსს, ვიდრე ეს არის ამოსახსნელი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ვიდრე არ გავეცნობი წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.