ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახერხებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „თბილი ურთიერთობების“ შენარჩუნებას, მაგრამ ახლა ეს დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
ჟურნალისტები იხსნებენ, რომ ნეთანიაჰუ პუტინის გვერდით იყო მაშინაც კი, როცა ის სულ უფრო მეტად ხდებოდა იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ისრაელის მტერთან - ირანთან რუსეთის კარგმა ურთიერთობებმაც კი ვერ შეარყია ეს თანამშრომლობა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერები აგრძელებდნენ კავშირს ტელეფონით. ნეთანიაჰუმ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა კიევისთვის ლეტალური იარაღის ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.
„ახლა, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელზე სასტიკი თავდასხმის შემდეგ, როგორც ჩანს, ეს საუბარი შეწყდა. პუტინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მსოფლიო ლიდერთაგან, ვისაც არ დაურეკავს ნეთანიაჰუს თანაგრძნობის გამოსახატავად ჰამასის“ თავდასხმისას მოკლული 1300-ზე მეტი ისრაელელის გამო“, - აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის დასრულება ხაზს გაუსვამს უფრო ფართო ტექტონიკურ ძვრებს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში რუსეთის როლთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში.
„შაჰედების“ სანაცვლოდ რუსეთმა ირანს გადასცა იაკ-130-ის ტიპის სასწავლო თვითმფრინავები და განიხილავს ირანისთვის სუ-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას, რამაც შესაძლოა, შეცვალოს საჰაერო ძალების ბალანსი ახლო აღმოსავლეთში.
ჟურნალისტების განმარტებით, კრემლს აქვს მიზეზები, რომ მიესალმოს ომს რუსეთის საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის „დაუღალავ ძალისხმევას ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად“.