ჩვენს სასტიკ და დაუნდობელ დროში ადამიანმა დაკარგა ღირებულება, როლი და ადგილი. არსებობისათვის ბრძოლის ასპარეზად ქცეულმა ცხოვრებამ დაამკვირდა ორი დემონის – ფულისა და ძალაუფლების პრიმატი, ამიტომაც ამ ორომტრიალში, სათავისო ფუსფუსში, შურსა და დაუნდობლობაში მაინც გვხვდებიან დინების საპირისპიროდ "მცურავი" ადამიანები. ჩემს ცხოვრებაში ასეთი იყო ნათელა ურუშაძე: გამორჩეულად დასამახსოვრებელი გარეგნობის, განუყრელი ვუალით, რაღაც იდუმალსა და რომანტიკულს რომ თხზავდა მასში; თბილი, მსუბუქი იუმორით, სულიერ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ორიენტირებული _ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების ამაგდარი, ნამდვილი ესთეტი და ანალიტიკოსი. რამდენჯერ ავდევნებივარ ქუჩაში, ტრანსპორტში... ოცნებად მქონდა გადაქცეული მასთან სიახლოვე და, როცა ბედმა გამიღიმა და დავუახლოვდი, ისიც აღმოვაჩინე, რომ, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, შორს იდგა ყოველგვარი პარტიულობისაგან, მერკანტელიზმისაგან ,თეატრალური ინტრიგებისგან... არ იყო კონფლიქტური, უხაროდა სხვისი წარმატება, სძულდა შური და უნიჭობა, ფარისევლობა და სიყალბე. ნათელა ურუშაძეს გააზრებული ჰქონდა თავისი უმთავრესი ადამიანური ფუნქცია, არა "განაგე თავი შენი", არამედ, "შეიცან თავი შენი" და ამ სიბრძნის დასტურად გამოდგება მისი გამონათქვამიც: ადამიანის ცხოვრების ნახევარი ხიბლში ყოფნაა, მეორე პერიოდი – განხიბვლა. სწორედ ამ უკანასკნელ ეტაპზე შევხვდი მას და მივხვდი, რა არის რიგით ადამიანად ცხოვრების კულტურის საიდუმლო. მხოლოდ მასთან საუბარში შეგეძლო ადამიანი, ფაქტი თუ მოვლენა დაგენახა როგორც შენი შესაძლო მომავალი, ანალიზის გზით შეგეცნო სიცოცხლის აბსოლუტური ღირებულება.
ნათელა ურუშაძის ცხოვრება მაგალითის ძალის მქონე იყო. ნიჭიერი კაცის საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვსო – წერდა ჭაბუა ამირეჯიბი. ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რადგან ქალბატონი ნათელას ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა, აზროვნების წესი და მეტყველების მანერა ბადებდა სრულიად ახალ ხედვას და ბუნებრივად განიცდიდი სოციოკულტურულ ტრანსფორმაციას თუ მეტამორფოზას, რომ ამ სამყაროში არ დარჩენილიყავი საკუთარ თავს მინდობილი, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. ამიტომაც ცდილობდი, მასავით გეფიქრა და გეაზროვნა, მისი თვალებით დაგენახა საყოველთაო ჰარმონიის შესაძლებლობა.
სახელგანთქმული თეატრმცოდნის კალამი იმითაც გამოირჩეოდა, რომ თავად იყო განუხორციელებელი მსახიობი (მიღებული ჰქონდა სამსახიობო განათლება), კარგად იცოდა ამ პროფესიის საიდუმლო და ანალიზს "შიგნიდან" ახდენდა. მხატვრული ქმნილების შეფასების მისეული მეთოდოლოგია ეფუძნებოდა განცდილისა და გარდასახულის წვდომის უფაქიზესი ნიუანსების წარმოჩენას. მისი, როგორც თეატრმცოდნის, კრიტიკა გულისხმობდა მეთოდოლოგიურ სიმკაცრესა და რეფლექსურ მიუკერძოებლობას. ნ. ურუშაძის მონოგრაფიები, გამოკვლევები, ხელოვანთა პორტრეტები, რეცენზიები კულტურული რეცეფცია იყო, ამიტომ ნებისმიერი მოვლენა დროისა და ეპოქის კონტექსტში გაიაზრებოდა. მას შეეძლო ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვა, მოვლენათა განვითარების შინაგანი კანონზომიერების, ფარული კავშირების აღმოჩენა უმიშვნელო მიზანსცენაშიც კი. ოდესმე დადგება დრო, როცა ცალკე წიგნად გამოვა მისი წერლები, სტატიები, რეცენზიები და უფრო ხელშესახებად საგრძნობი გახდება ის, რასაც სულისა და აზრის ნათელი შეიძლება ეწოდოს.
ნათელა ურუშაძისთვის განსაკუთრებულად ცხადი იყო ისიც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უსულო და უღმერთო ცივილიზაციის დომინირების, უფრო სწორად, კულტურული აღსასრულის ფაზაში, ამიტომაც გამძაფრებულად გრძნობდა მარადიულ ფასეულობათა ერთგულებისა და გადარჩენის აუცილებლობას. ყოველთვის რადიკალურ ოპოზიციაში იყო პრაგმატულ-მატერიალისტურ შეხედულებებთან, ჩვენი ეროვნული იდენტობის გადარჩენის აუცილებლობის გამო. მეცნიერის ღრმა შინაგანი რწმენა ჰუმანიზმის, სიკეთისა და უკეთესი მომავლის აუცილებლობიდან იღებდა სათავეს. ამის გამო მისი პოზიცია ასე ჩამოყალიბდა: თუ ვზრუნავთ მომავალზე, უნდა ვიფიქროთ ქართულ სკოლაზეც. როგორი რუდუნებით ეკიდებოდა ამ საქმეს, წერდა მარტივად, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, სიტყვის სიმკვეთრითა და სიმძაფრით, _ ეს უფრო პოეტური თხრობა იყო. ასეთივე უჩვეულო იყო მისი ტელეგადაცემები - აეხსნა, ეჩვენებინა ანბანი და ამბავი ქართული თეატრისა და საიდუმლო თეატრალური ხელოვნებისა.
ერის ბედზე ჩაფიქრებული, ყოველგვარი პოზისა და მანერის გარეშე, დიდი ინტელექტუალი ქალბატონი – ასეთად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის, სულიერი კრიზისის მოძალებისას, მასთან გავრბოდი, რადგან, როცა საუბარს დაიწყებდა, დრო ჩერდებოდა. მისი ცნობიერი გარდაისახებოდა ესთეტიკურ ფაქტად. ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო რამ ღირებულებას შეიძენდა. ბუნებით, ნატურით, შინაგანი წყობით რომანტიკოსი იყო და მის ამ პოზიციას უფრო განაპირობებდა ცივილიზაციის ახალი, ძლიერი ტალღა, რომელმაც გამოფიტა ადამიანი, ჩაკლა რწმენა, დაანგრია ტრადიცია. ნათელა ურუშაძის ობიექტური და სულიერ-მენტალური მდგომარეობა ესთეტიკური ემოციის ფორმირებაში იკვეთებოდა. მოკლედ ასე შემიძლია გითხრათ: მისი არსებობა იყო უბრალოების ეფექტი, უბრალოება კი, თუ არისტოტელეს დავუჯერებთ, მშვენიერისა და გენიალურის საფუძველია. ახლა, როცა ნათელა ურუშაძე საუკუნის ქალბატონი გახდა, უფრო მწვავედ განვიცდი არსებობას მისი სიტყვის გარეშე. თუ რამ მაკლია და მჭირდება, უპირველესად, მასთან დიალოგია!
გადის დრო, იცვლება საზოგადოება, ყოფიერების ერთიან სტრუქტურაში იცვლებიან ადამიანები, მაგრამ უცვლელი რჩება მარადიული, ყველაზე ღირებული. ნათელა ურუშაძეს არასოდეს შეუცვლია თავისი მრწამსი, ერთგული დარჩა პროფესიული ლოგიკისა და ესთეტიკური თავისუფლებისა. რაზეც უნდა დაეწერა მას, როგორც გამორჩეულ მოვლენას თეატრმცოდნეობაში, შეეძლო, სიტყვაში გაეცოცხლებინა რეჟისორის კონცეფცია, იდეა, დრო, სპექტაკლის სულიცა და მსახიობის მაჯისცემაც. ნებისმიერი ენობრივი მოდელი მოსაუბრის ცნობიერების რეპრეზენტაციაა და, ამდენად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნ. ურუშაძემ თავისი მეცნიერული კეთილსინდისიერებითა და მიუკერძოებლობით, კვლევის სკრუპულოზულობითა და მასშტაბურობით ქართულ სინამდვილეში სრული ავტონომიურობა მოიპოვა, აბსოლუტურ ავტორიტეტად იქცა. დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს, თუ როგორი სიყვარულითა და აღმაფრენით წერდა ვერიკო ანჯაფარიძეზე, სესილია თაყაიშვილზე, მედეა ჯაფარიძესა თუ სანდრო ახმეტელზე... ნაციონალურ-კულტურულ პარადიგმებს ეფუძნებოდა მისი ინტერესები. ქართული სულის, ეროვნული გენის გამობრწყინებად და ქართული ნიჭის განსაკუთრებულ ასპარეზად მიაჩნდა ქართული თეატრი. დღესაც შეგონებად გვრჩება მისი ერთი წიგნის სათაური: „წავიდეთ თეატრში“, ანუ იქ, სადაც იქმნება და ყალიბდება უნივერსალური და მუდმივად აქტიური ფენომენი.
კონცეპტუალურ-ესთეტიკური და თეორიულ-ფილოსოფიური აზროვნების განსახოვნებაა ნათელა ურუშაძის მონოგრაფიები: "ვეფხისტყაოსანი და ქართული სასცენო ხელოვნება", "მსახიობის ხელოვნება", "ქართული სათეატრო კრიტიკა", "თეატრმცოდნეობის შესავალი", დაუმთავრებელი მონოგრაფია დრამატული თეატრის არსისა და სპეციფიკის შესახებ.. .რომელი ერთი და რამდენი ერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ!
ადამიანი უბრუნდება წარსულს იმიტომ, რომ ცხოვრობს გამოცდილებით. თაობა მიდის, მასთან ერთად წარსულს ბარდება ღირებული და ჭეშმარიტი. ნათელა ურუშაძე უკვე წარსულია. მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაგვანახვა დღევანდელობა. ნათელა ურუშაძის გარეშე დარჩენილ კულტურულ-სოციალურ სივრცეში უფრო მწვავედ ხმიანობს მისი სიტყვა, რომელიც სხვა სიტყვის ადგილს არ ტოვებს!
მისივე სიტყვებით თუ გავასრულებთ: ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი აქ ტოვებს იმას, რაშიც იყო აზრი მისი არსებობისა: ამოხსნილ კანონებს, არქიტექტურულ ნაგებობებს, მუსიკალურ შედევრებს... ნათელა ურუშაძეც ასე აგრძელებს სიცოცხლეს თავის შთამომავლობაში, თავის ღრმა ნააზრევსა და მაღალ სულიერობაში, იმის მწვავე მონატრებაშიც, რომ კიდევ ერთხელ დავტკბეთ ნათელი აზრისა და არგუმენტირებული კამათის იმ ხარისხით გაელვებაში, მის გამოსვლებს რომ სდევდა მუდამ.
საბა მეტრეველი