ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ომშია.
"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის ფასს, რომლის შესახებაც აქამდე არ სმენია". - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. დაშავებულია 300-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო.
სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების მცირე ჯგუფიც შევიდა.
„ჰამასი“ აუდიოგანცხადებაში აღნიშნავს, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“. მათივე თქმით, პალესტინელი მებრძოლების სამიზნე აეროპორტები და სამხედრო ობიექტებია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის წინააღმდეგ 5 ათასი რაკეტა გაუშვეს. "ჰამასის' სამხედრო მეთაურმა მოჰამად დეიფმა პალესტინელებს ბრძოლისაკენ მოუწოდა, მისივე განცხადებით, სარაკეტო იერიშები გაგრძელდება.
ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაიხურა რამდენიმე აეროპორტი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
ამასთან, BBC-ის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ.