დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული თვალსაჩინო დაპირისპირება საზოგადოებისთვის საინტერესო უკვე აღარ არის. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციონერ ნიკა მელიას განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ახლა მშვიდობისა და ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობაა.
„მათი შიდა დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გამოკვეთილად ჩანს და ყველასთვის თვალსაჩინოა. თქვენ იცით, როგორ წარიმართა პროცესები. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, მელია თავმჯდომარეობიდან გააგდო. დაძაბულობისა და ურთიერთდაპირისპირების პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა, არ მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაციის იმ რთულ გზაზე, რასაც ადგას დღეს ჩვენი ქვეყანა, მუშაობა წარმატებით იყოს გაგრძელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.