„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორად და თავის დროზე მიუთითა, რომ ის არ კეთდება, რაც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს პერსონალურ შეურაცხყოფად მიიღო. ამის შესახებ უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.
„როდესაც პრემიერმა გამოგვიცხადა, პრეზიდენტმა ჩემი ნდობა დაკარგა და გადავწყვიტე, დიახ, შემეზღუდა მისთვის გადაადგილების თავისუფლებაო, უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს პრემიერმა პრეზიდენტის ნდობა დაკარგა?! მე მგონი, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თავად პრემიერს უნდა ჰქონდეს პარლამენტის ნდობა და არა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პრემიერის ნდობა… რადგან პერსონები ჩვენ საზოგადოებაში, წინა ხელისუფლებაში, იმის წინაშიც და დღესაც თავს აიგივებენ ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან, როგორც კი მის ინტერესებს შეეხო, მან დაკარგა ნდობა. მერე რა მოიმოქმედა? – შევუზღუდე გადაადგილების თავისუფლებაო. და რაში შეუზღუდა? მათ შორის, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენის გახსნაზე დასწრებაში. ანუ, მან დასაჯა პრეზიდენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიხედვით, უფლებამოსილების გარკვეული ნაწილის განხორციელებისას პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ამ პიროვნების მიმართ პრემიერის განწყობაზე და ხასიათზეა დამოკიდებული და მთავრობის თანხმობა უნდა იყოს გონივრული, აზრიანი და დასაბუთებული.
„დღეს რომ დისკუსიაში შევიდა საქმე და კითხვები დაისვა, კი მაგრამ პრეზიდენტი საქართველოშიც რომ ელჩს შეხვდება, აქაც ხომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაა და ე.ი. თანხმობაა საჭირო? რაღაც ითქვა, მდუმარე თანხმობას ვაძლევთ ამ დროსო, ანუ, კეთილ ნებას ვიჩენთ, თორემ პრეზიდენტი სახლში უნდა იჯდეს და არ უნდა გაინძრესო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, არის დაუსაბუთებელი ბრალდება.
„ამ წუთის მდგომარეობით, მე ასი პროცენტით შემიძლია, გითხრათ – როგორც იურისტს, მჯერა, რომ ეს არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი ბრალდება. კონსტიტუცია მთლიანადაა წასაკითხი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.