მე, მაგალითად, ძალიან მიჯაჭვული არ ვარ ამირანივით ამ სტატუსზე, სულ არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა. ვიცით ჩვენ, არიან ქვეყნები, რომლებსაც, ათეული წლებია, ეს სტატუსი აქვთ, თუმცა ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ყველა დემოკრატიულ პროცესში.
„პირველ რიგში, სტატუსს იმიტომ ვიმსახურებთ, რომ დიდი ხანია, ჩვენ ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ვმონაწილეობთ ყველა დემოკრატიულ პროცესში, რაც შემოგვთავაზეს. ვქმნით ინსტიტუციებს, რაც გვითხრეს და ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ინსტიტუციები შესაქმნელი გვაქვს. ის ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფდა და დღესაც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ღირსეული კანდიდატის სვლას ევროპისკენ, ყველასთვის თვალსაჩინოა. მგონი, ოპოზიციისთვისაც ძალიან თვალსაჩინოა და ამიტომ ნერვიულობენ ხოლმე ასე ხშირად ამაზე“, – განაცხადა გია მურღულიამ.