დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საქართველოს ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ხელისუფლების რეაგირებას ეხმიანება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურების მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის დაწყების შემდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარცხალაძის მასშტაბურ გავლენებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
„ხელისუფლების დაგვიანებული რეაგირება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურების მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის დაწყების შემდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარცხალაძის მასშტაბურ გავლენებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპთან.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, როდესაც პრობლემური გახდა მისი ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ფაცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.“
იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 20 სექტემბერს, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებული იყო წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა სამინისტრომ იმ დღესვე გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებულია. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებებისთვის მხოლოდ 20 სექტემბერს, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სამართლებრივი ჩარჩოდან გასული მოქმედებების შესახებ მიუთითებს. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოები არ იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას - დაეწყოთ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები.
ნიშანდობლივია, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტით, მასზე აღარ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №253/04 ბრძანება და მის მიმართ საერთაშორისო სანქციების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება იხსნება. თუმცა ოთარ ფარცხალაძემ 20 სექტემბერსვე მოახერხა საკუთარი უძრავი ქონების ნაწილის შვილისთვის გადაფორმება.
მოცემულ ვითარებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ერთპიროვნულად დამტკიცებული საგამონაკლისო წესი კვლავ ძალაშია და სამომავლოდ ეს წესი შეიძლება გამოყენებულ იქნას დასანქცირებული სხვა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების აღსრულების შესაფერხებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.
შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედებების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საგამონაკლისო წესის გაუქმება და საერთაშორისო სანქციების სრულად აღსრულება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.