საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, უმრავლესობამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მათ მხარი არ დაუჭირეს.
„თავდაპირველად შედგა კომიტეტის სხდომა, სადაც არ იყვნენ მოსული კანდიდატები, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია ამ ფონზე. იყო სერიოზული რისკი, რომ შეიძლებოდა, ოპოზიციას რაღაც ახალი აჟიოტაჟისთვის გამოეყენებინა ეს პროცედურა და რეალურად ვერ შედგებოდა იმ შინაარსის საკომიტეტო მოსმენა, რა შინაარსიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, გასაგებია მათი პოზიცია. ამის გამო კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, საგანგებოდ შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე. მინდა, განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები.
პრინციპში, გუშინ ოპოზიციის წამომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს განმარტება. პირდაპირ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა. შემდეგ დილით კომიტეტზე მოვიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო, მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში, თავადაც ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ – რადიკალურ ოპოზიციას თავისი სალომე ზურაბიშვილით – მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მათი გათვლაა, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელდბდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიცას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ კანდიდატებს პრეზიდენტთან და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი.
ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მომაწოდეს ინფორმაცია. ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს, კანდიდატებს ხომ ენდობოდა, მათ მიმართ არ აქვს კითხვები, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – საბოტაჟი ეროვნული ბანკის, ანუ ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედითუნარიანი. პირდაპირ ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი, სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა. ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება, დახვიდე სალომე სამადაშვილამდე და არ მინდა, სხვების გვარები ჩამოვთვალო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, თავად კანდიდატებს სურდათ აღნიშნული თანამდებობების დაკავება. “აქედან გამომდინარე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მათი არჩევის თაობაზე და საბოტაჟი არ შედგა, - აღნიშნა კობახიძემ“.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.