საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "ვარდების რევოლუციის" გზით მოსულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს შექმნა "პოლიტიკური არაფრისგან" დაიწყო.
"ვარდების რევოლუცია" ეს იყო მოდერნიზაციის პროცესში გადადგმული თვისობრივად ახალი ნაბიჯი. რას ნიშნავს მოდერნიზაცია? ეს გულისხმობს, რომ ქვეყანა გახდეს თანამედროვე, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო აპარატი, საჯარო ინსტიტუტები, მათ დაიწყონ ფუნქციონირება იმის მიხედვით, რაც კანონშია გაწერილი. ეს ყველაფერი ქვეყანაში 2003 წლამდე არ არსებობდა - ქაღალდზე ეწერა, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. 2001-2002 წლებში საქართველოს ან არშემდგარ სახელმწიფოდ ან ჩამონგრევის პროცესში მყოფ ქვეყნად აფასებდნენ... უნდა აღინიშნოს, რომ რომ არა ეროვნული მოძრაობა, სახელმწიფოს მშენებლობის არანაირი საფუძველი არ იქნებოდა. ამ მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ პირველი მთავრობა აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი, არ ქონდა კომპეტენცია, არ ქონდა პროფესიონალიზმი, გამოცდილება, რომ ეს პროცესი სწრაფად დაწყებულიყო. მერე იყო სრული ქაოსი და ინტერესთა ჯგუფების, უფრო სწორად კლანების მიერ საქართველოს დანაწილება-გადანაწილება, თუმცა მეორე პრეზიდენტის დრო კონსტიტუცია იქნა მიღებული და ეს არ უნდა დაიკარგოს. საბოლოო ჯამში, სწორედ 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო ოცნების ხორცშესხმა, რომ შექმნილიყო არა ფეოდალური, არა ვირტუალური, არა ეთნოგრაფიული ოაზისი, არამედ თანამედროვე სახელმწიფო", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ვარდების რევოლუციის" შედეგებზე კომენტირებისას.