მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძის, ისე ირაკლი ღარიბაშვილისა და კახი კალაძის მიმართ, რომლებიც საქართველოში ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინაში რუსეტიუს მიერ მოპარული ხორბალი საქართველოში შემოედინება, რის გამოც საქართველოში არსებულ მოსავალს ფასი არ აქვს.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დღეს ხელისუფლებაში იმყოფება დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. არაერთ კონკრეტულ ფაქტზე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდნენ საგამოძიებო ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ თუ როგორ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაულები, რომლებსაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი უკვე ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე და მთავარი რუსი ოლიგარქი, მთავარი რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო ოთარ ფარცხალაძის ფაქტორზე, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა კონკრეტული ფაქტებით, სადაც საუბარია, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი აგენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორს.
ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომლებშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დედაქალაქის მერი კახი კალაძე. იმ დროს, როდესაც მილიონებს შოულობს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები და ფერმერები, რომლებიც წლიდან წლამდე დამოკიდებულები არიან სწორედ ხორბლის მოსავალზე. ჩვენ ვნახეთ გუშინ, გუშინწინ მათ მიერ გამართული აქციები, სადაც ისინი მოითხოვენ მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის - ხორბლის რეალიზებაში მხარდაჭერას. სწორედ რუსეთთან კავშირებით საქართველოში შემოედინება რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბალი და საქართველოში არსებულ მოსავალს ფასი გაუფასურებული აქვს. ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს, ამაში ჩართულია სწორედ ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები. დღეს კახეთში არსებული მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და იქ მოწეული მოსავლის რეალიზებასთან ერთად, არიან ადამიანები, რომლებსაც მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი.
ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან მოწოდებული, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში, სადაც დასტურდება თუ როგორი დამნაშავეა ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რა ბიზნეს რეკეტს ეწევა ფარცხალაძე, რომელიც დღეს უკვე არის რუსეთის მოქალაქე და დანაშაულებრივად აქვს შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობას სწორედ მთავარი ჯაშუშის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით.
ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ ამ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახი კალაძეზე, რომლებიც საქართველოში ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას.“ -განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.