ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერ-მინისტრისთვის იყო პირდაპირი გაფრთხილება, იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია და რა თქმა უნდა, ივანიშვილთანაც აქვს ურთიერთობა ცალსახად, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად დაიწყებს მოკვლევას.
„ერთგვარად ბედის ირონიაა, რომ ადამიანი, რომელმაც სულ 37 დღე გაძლო მთავარი პროკურორის პოსტზე, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გამოვიდა და გადაწყვიტა, მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, ასევე ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობდა და არავინ იცოდა, სწრაფად ამოტივტივდა, შესაბამისად, თანამდებობის დატოვებაც ასევე სწრაფად მოუწია. ბოლოს აი, ასე ამთავრებს, როგორც ოფიციალურად სახელდებული „ეფესბეს“ წარმომადგენელი, რუსული ინტერესების ფორსირებისთვის მოვლენილი საქართველოში.
არ არის ეს ჩემთვის არც უცნაური, არც გასაკვირი, იმიტომ, რომ ის, რაც მისი დანიშვნის დროს არავინ იცოდა, სულ რაღაც ერთ თვეში ბევრი რამ ისე გაირკვა, რომ ბოლოს აქამდე თუ მივიდოდა საქმე, დიდად, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალური და ქმედითი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ამის განცდას მიტოვებს ის განცხადებები, რომელიც უკვე მოვისმინეთ, რომ 10 წელია ფარცხალაძე ხელისუფლებასთან არანაირ კომუნიკაციაში აღარ არის, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მასზე მოიხსნა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.