დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელშიც ექსპრეზიდენტმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია; ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.
ნიკა მელიას თქმით, ეჭვი არ ეპარება, მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარების შემდეგ ვითარება გამოსწორდება.
„ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ორმაგ ტყვეობაში იმყოფება. ყოველთვის ვცდილობ, მის გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ასევე ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, პარტია 5 თებერვლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან. აქ არ არის საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე. მე მოვულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო. ჩემი შეფასებები ძალაში რჩება და ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება. თუ გვინდა, გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ არის გამოსწორება შესაძლებელი.
პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლაზე თუ აპელირებთ, პარტიას იდეურად დაშორდა უამრავი ადამიანი, რომლებიც დღეს არიან პარტიულ მენეჯმენტში. პარტია არ არის მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგო, არის ღირებულება, ფასეულობა, იდეა და ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და დატოვა პარტია, არის ამ პარტიის ხელმძღვანელობა. პირდაპირ გეუბნებით, ვისაც გჯერათ, რომ დღეს პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები. ასეთ ხალხთან საკამათო არაფერი მაქვს. ხალხის განწყობა, არა მარტო უბრალოდ პოტენციური ამომრჩევლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის, სამწუხაროდ, არის არასახარბიელო პარტიის ინტერესებისთვის. ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტის მხრიდან აღიარება, რომ დავუშვით შეცდომები, შევქმენით პრობლემები და არათუ პოტენციური ამომრჩევლის მოზიდვის შესაძლებლობა დავკარგეთ, არამედ გადაწყვეტილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი შუაში გავყავით, ეს ყველაფერი განგებ მოხდა, უნებლიედ. ამაზე საჭიროა საუბარი მათი მხრიდან. შეცდომას თუ არ აღიარებ, ის არ გამოსწორდება. ჩემთვის მთავარია სიმართლე. იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, დღეს პარტიას ლევან ხაბეიშვილი მართავსო, არ დავიჯერებ, რადგან ეს სიმართლე არ არის. უნდა შევეჩვიოთ სიმართლის თქმას“, - განაცხადა მელიამ.