ნინო ლომჯარია პოლიტიკურ მინდორზე რომ გამოვა და შევხედავთ, როგორ პასს გასცემს, როგორ გოლს გაიტანს, შემდეგ ვისაუბრებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ნინო ლომჯარიას დაფუძნებულ საზოგადოებრივ პლატფორმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ მსმენია, რომ დასავლეთი ვინმე ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებს ფსონს. არ ვიცი, რომ დასავლეთი ასე ერევა საქართველოს საკითხებში. იმ ძალას, რომელსაც გამარჯვების პლატფორმა წარმოადგენს, ჩვენი გვერდის ავლით ვერავინ ვერანაირ პროცესს ვერ დაიწყებს საქართველოში. მათ შორის ნინო ლომჯარიასაც მოუწევს ამ ფაქტორისთვის ანგარიშის გაწევა, რადგან საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე ჩვენ გავალთ, შესაბამისად, მთავარი ფაქტორია ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ნინო ლომჯარიას ფაქტორს დადებითად ვხედავ, მაგრამ ამ არჩევნებში მთავარი ფაქტორი იქნება „გამარჯვების პლატფორმა“ და ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. ნინო ლომჯარია პოლიტიკურ მინდორზე რომ გამოვა და შევხედავთ, როგორ პასს გასცემს, როგორ გოლს გაიტანს, შემდეგ ვისაუბრებთ. მინდორზე გამოსული ნინო ლომჯარია ჯერ არ გვინახავს. მას კონკურენტად საერთოდ არ აღვიქვამ, მთავარი ფაქტორი არჩევნებზე ჩვენი პლატფორმა იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. ამასთან, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა გუშინ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა.