ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, ნათია მეზვრიშვილთან და ანა ბუჩუკურთან, „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილთან და ასევე ხატია დეკანოიძესთან.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. ამასთან, აღნიშნეს, რომ შეხვედრის ინიციატორი თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი უკიდურესად შეშფოთებულია ხელისუფლების საბოტაჟით და სურს, მოძებნოს გზა, არ ასრულდეს რუსული ოცნება და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„საქართველოს პრეზიდენტი არის უკიდურესად შეშფოთებული, მე როგორც მივხვდი ამ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა, შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად გვითხრა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკურად გახსნილია გზა საქართველოსთვის, მეორე მხრივ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. ცხადია, ამ საბოტაჟის შემადგენელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც დაიწყო მმართველმა გუნდმა. პრეზიდენტს სურს, მოძებნოს გზა, რომ ჩვენ როგორმე უზრუნველვყოთ ის, რომ მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობისა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ჩვენ არ მივიღოთ სტატუსი, დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ რუსული ოცნება არ ასრულდეს და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.