ლისის ტბის განვითარების კომპანია ორ თვეში განაშენიანების პირველ ეტაპს იწყებს. დაფუძნდება ახალი "მწვანე ქალაქი" რისთვისაც ინვესტიციები უკვე მომზადებულია. პროექტი და წინასწარ მომზადებული ესკიზები დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
"პროექტი ძალიან მასშტაბურია. გაისად დაიწყება პირველი ეტაპის სამუშაოები და მასში დაახლოებით 30 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. ახალი უბნის გაჩენა ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სკოლას, ახალ საბავშვო ბაღს, ახალ სამუშაო ადგილებს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზე ვიმყოფებით", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მშენებლობის დაწყება ორ თვეში იგეგმება. ჯერ დაიწყება პირველი ფაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 40 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანებას. ამისთვის უკვე მოზიდულია კონკრეტული ინვესტიცია, რომელიც 100 მილიონ დოლარს შეადგენს. ლისის ტბის კეთილმოწყობა დაფუძნებული იქნება "მწვანე სახლების" პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ტერიტორიის 25 % დაეთმობა საცხოვრებელ სახლებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი რეკრეაციული ზონა იქნება. პროექტის დიზაინზე ამერიკელი, ქართველი და იტალიელი არქიტექტორები ერთობლივად იმუშავებენ.