მიხეილ სააკაშვილის მოწოდება პარტიისადმი, რომ გაერთიანდნენ, მკაფიო გზავნილი იყო მენეჯმენტის მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ძალიან მკაფიო გზავნილი იყო მენეჯმენტის მიმართ, სუს-ის აგენტები კი არ უნდა ეძახო ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და ყველას ელაპარაკო. ამ პარტიისთვის ყველას რაღაც წვლილი აქვს შეტანილი იმისათვის, რომ დღემდე მოსულიყო, ძალიან რთული პერიოდიდან დღემდე. ხელისუფლებაში როცა იყო მაშინ ყველა ეკედლებოდა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ექპრეზიდენტი ამბობს: „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“, ბაჩო დოლიძემ თქვა, რომ პერსონიფიცირებული შედარებების გაკეთება არ უყვარს.
„ზოგადად, არ მიყვარს პერსონიფიცირებული შედარებები – ამის გზას, იმის გზას. როდესაც პოლიტიკაში ხარ, შეიძლება, აირჩიო გზა, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. როცა რაიმე ნაბიჯს დგამ, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, შიშები არ უნდა გქონდეს. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, რაღაც გზა უნდა ვნახო, მაგრამ ამის შიში არ მაქვს. ასეთი შედარება არ მომწონს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები მაშინ გიგა ბოკერიასთან იყვნენ, 90 პროცენტი დღეს მენეჯმენტშია. ამ თვალსაზრისით, არ ვიცი, ეს გაფრთხილება არის თუ რა არის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებული მენეჯმენტის პირობებში ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლბას ვერ ხედავს.
„რაღაც ნაწილობრივ შეიძლება, როგორ შეიძლება ამის არდაშვება, თუმცა დამოუკიდებელი თამაში რომ მომიწიოს, არავითარი შიში არ მაქვს. ჩვენმა ამომრჩეველმა, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ კონფიგურაციის, მენეჯმენტის პირობებში და იმ ადამიანების, რომლებიც ზურგს უკან უდგანან მენეჯმენტს, შესაძლებელია რეჟიმის დამარცხება და ელექტორალური ზრდა, ეს არის რწმენის საკითხი. მე ასე არ ვთვლი, შესაბამისად, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა რუსული რეჟიმის მოცილება. ამ მიზნისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი კონკრეტულ ხალხთან, კონრკეტული სტრატეგიით და ხედვით. არსებული მენეჯმენტის ხელში მე ამის შანსს და შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.