ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო 2004-2012 წლებში საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტის შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე სილაგავა დაიღუპა.
„ყველას გვახსენდება ხელწერა, რომლითაც იყო გამორჩეული 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება, კოლექტიური სააკაშვილები და ადეიშვილები გამოირჩეოდნენ ამ ხელწერით. ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო 2004-2012 წლებში საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა.
ომი ამ ყველაფერისთვის არის საბაბი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებების მიზეზი ომი ვერ იქნება. ხელწერა არის იგივე, რაც სამწუხაროა. რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. შემთხვევითი ისიც არ არის, არც ნასვამობა ამართლებს ადამიანის მკვლელობას და არც პოლიციასთან დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, როდესაც მეუღლისა და ბავშვების თვლაწინ ხდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილი და ერთხმად ამართლებენ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. ასევე, მინდა, შევახენო საზოგადოებას, თეორიულად, ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილები არ დაბრუნდნენ არასოდეს ხელისუფლებაში. ეს არასოდეს მოხდება, ამაზე, პირველ რიგში, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში ის ხელწერა, რომელიც ჩვენ ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.