ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აცხადებს, რომ დევნილთა გამოსახლების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური პიარის ნაწილი გახდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზოგიერთი ოპოზიციონერი ზუსტად მაშინ ჩნდება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილ დევნილებთან, როცა თვითნებურად დაკავებული შენობების დაცლა იწყება.
"არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ქულების დაწერის თუ სხვა მიზნით, მსგავსი უკანონობის პროვოცირება მოახდინოს, კერძო საკუთრებების თვითნებურად დაკავება მასიური გახადოს და ამით მესაკუთრეთა უფლებები შელახოს", _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, კანონმდებლობით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დევნილი, თუმცა, ასევე ვალდებულია, კერძო მესაკუთრის მოთხოვნზე _ ფართის გათავისუფლების შესახებ მყისიერად იმოქმედოს.
"სახელმწიფო დევნილის უფლებას ყოველთვის იცავდა და დაიცავს, თუმცა, როცა საუბარი თვითნებურად დაკავებული კერძო საკუთრების გათავისუფლებას ეხება, მესაკუთრის უფლებები არავის ახსენდება და ზოგიერთი პოლიტიკოსის მონაწილებით არასერიოზილი და უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, რომ დევნილები გამოაძევეს და ქუჩაში დატოვეს", _ აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტრო განმარტებას აკეთებს 20 ნოემბერს მომხდა ფაქტზე, როდესაც ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე #37 დახურულ საბავშვო ბაღში დევნილი 20 ოჯახი შეიჭრა. სამინისტროს განცხადებით, საბავშვო ბაღის ავარიულობიდან გამომდინარე, შენობის სასწრაფოდ დაცლა გახდა აუცილებელი. "ავარიულობის შესახებ სამინისტომ და გამგეობამ შეტყობინება ავარიულობის დამდგენი კომისიისაგან მიიღო. კომისიის რეკომენდაციით, შენობა სასწრაფოდ უნდა დაცლილიყო, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამონგრეულიყო და პასუხისმგებლობა ადგილობრივ გამგეობასა და სამინისტროს დაეკისრებოდა. შესაბამისად, შენობის დაცლა სწორედ იქ მცხოვვრებთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. შენობა დაიცალა და იმავე დღეს დაინგრა კიდეც, თუმცა პიარმა ამ შემთხვევაშიც იმუშავა და ფაქტს დევნილთა გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება დაერქვა", _ განმარტავენ სამინისტროში.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დევნილები, რომლებიც აცხადებენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, სამინისტრომ ფართები რეგიონებში არაერთხელ შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო. "სწორედ ასე მოხდა #37-ე დახურულ საბავშვო ბაღში შეჭრილ დევნილებთან დაკავშირებითაც. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული დევნილები სხვაგან იყვნენ დამისამართებულები, სამინისტრომ ბაღის ტერიტორიაზე ტრანსპორტი იმავე დღესვე მიიყვანა და დევნილებს რეგიონებში ფართები საკუთრებაში და შესაბამისად, მათი ავეჯის გადაზიდვა შესთავაზა, თუმცა, აღნიშნული შეთავაზება მხოლოდ ორმა ოჯახმა მიიღო. დანარჩენებმა კი უარი თქვეს და ამბობდნენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მოგვიანებით კი, ყველასთვის გასაკვირად, დანარჩენმა 18-მა ოჯახმა იმ ალტერნატიულ მისამართებს მიაშურა, სადაც ისინი საბავშვო ბაღში შეჭრამდე ცხოვრობდნენ და ზოგს ამჟამად გაქირავებული ჰქონდა. შესაბამისად, მათ ავეჯის აღნიშნულ მისამართებზე გადაზიდვაში სამინისტრო დაეხმარა", _ განმარტავენ სამინისტროში.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დევნილთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც საცხოვრებელი გააჩნიათ, სხვადასხვა შემთხვევებით სარგებლობს და ფართის იძულებით დაკავებას იქ ცდილობს, სადაც მოახერხებს. სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო მსგავს შემთხვევებს ვერ დაუშვებს და შეჭრის ყველა შემთხვევა აღკვეთილი იქნება.
E