ევროპის გაფართოების პოლიტიკური ნება სახეზეა. საქართველოსთვის არანაირი გეოგრაფია და ომის გამოცხადების პირობები არ არსებობს, ეს ყველაფერი მავნებლობებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ რაღაც მიზეზი და საბაბი იპოვოს, მათი მავნებლობა და ბოროტება უკიდეგანოა. „ქართული ოცნება“ გაუგებრობას ნახავს და მაშინვე უნდა, რომ ჩაავლოს. მათთვის ეს ხავსია, აი, რა თქვა შარლ მიშელმა, პრესსპიკერმა, ფონ დერ ლაიენმა და ახლა კობახიძე დაიბნა, თურმე, ბრიუსელის კარს ვერ აგნებს. ჯერ ამბობდნენ, რეკომენდაციები შევასრულეთ, ბურთი ევროპის მხარეს არისო და შემდეგ თქვეს, ეს შევასრულეთ, მაგრამ თავიდან გვითხარით, ვერ გავიგეთ, რას გვთხოვთო. ოროსანი ბავშვია, რომელიც ამბობს, რომ მასწავლებლის დავალება ვერ გავიგეთ, თორემ როგორ ვერ დავწერდითო. ცხრა რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი, რა ბუნდოვანებაზე ვსაუბრობთ? „ქართული ოცნებისთვის“ 2030 წელი ცოტაა, თუ ბევრია. ევროპა დიდია ისევე, როგორც მისი ინსტიტუციები განსხვავებულია, მაგრამ ევროპის გაფართოების პოლიტიკური ნება სახეზეა. საქართველოსთვის არანაირი გეოგრაფია და ომის გამოცხადების პირობები არ არსებობს, ეს ყველაფერი რომ მავნებლობებია, სახეზეა. არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფართოება არ იყოს და თავის რიგებში პრობლემური ქვეყნები არ მიიღონ, მაგრამ ჩვენს მტრებს მიზეზი არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.