სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ფლორიდის შტატის ქალაქ ჯეკსონვილში. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა თეთრკანიანმა კაცმა (მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 20 წლის იყო) Dollar General -ის მაღაზიაში ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელმა ორი შავკანიანი კაცი და ერთი ქალი მოკლა, პოლიციის მისვლის შემდეგ კი თავი მოიკლა.
ჯეკსონვილის მერმა დონა დიგანმა განაცხადა, რომ ეს არის რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი, სიძულვილით სავსე დანაშაული.
სავარაუდოდ, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და თვითმკვლელობა თავიდანვე ჩაფიქრებულ ჰქონდა, ადგილობივი შერიფის თქმით, ის თავის მშობლებთან ერთად ჯეკსონვილში ცხოვრობდა.
წინასწარი მონაცემებით, 20 წლის კაცმა რამდენიმე მანიფესტი დაწერა, მათ შორის თავისი მშობლებისთვის, პოლიციისა და მედიისთვის.
შერიფის თქმით, კაცის სამიზნეებს შავკანიანი ადამიანები წარმოადგენდა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება სროლის ფაქტზე დაიწყო, შემდეგ კი საქმე გადაკვალიფიცირდა, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.