კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში.
„ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი. სახეზე იყო კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების შედეგი, როცა რუსეთის დუმის წევრმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი. ასე რომ, კრიზისი უკვე არსებობდა. იმ ფონზე საქართველოს ლიდერები გამოვიდნენ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების იდეით, რაც ძალიან იმედისმომცემი ნიშანი იყო, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა.
ამის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იყო ძალიან ნაკლოვანი საპარლამენტო არჩევნები, რამაც გამოიწვია მორიგი პოლიტიკური კრიზისი. მეამაყებოდა საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ხილვა გამოსავლისა და წინსვლის გზის მოსაძებნად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომ მოეგვარებინათ კრიზისი, პარლამენტარები შეეყვანათ პარლამენტში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები, სადაც უნდა აჯერებდნენ განსხვავებულ პოზიციებს, ამუშავებდნენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია იმ შეთანხმებას და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ვთვლი, რომ ამან პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა და შექმნა მეტი პრობლემა, რომლის გადალახვაც ძნელია.
იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს - საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, - განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, ევროკავსირის წევრებს რმდენიმე თვე აქვს დაინახონ არის თუ არა ხელისუფლება ფოკუსირებული ევროპულ მომავალზე.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ - არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი“, - თქვა დეგნანმა.