პაკისტანში, პენჯაბის პროვინციის ქალაქ ჯარავნალში, ქრისტიანების კვარტალში თავდასხმებისთვის ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, ეჭვმიტანილები სათვალთავლო კამერებით ამოიცნეს. ჯამში, ბრალი შესაძლოა, 600 ადამიანს წარედგინოს.
სააგენტო dpa-ს ცნობით, 16 აგვისტოს, ჯარანვალსა და ფეისალაბადში სულ მცირე ხუთ ქრისტიანულ ეკლესიას დაესხნენ თავს. თავდამსხმელები ქრისტიანებს ყურანის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. მათ დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიებს, დააზიანეს ქრისტიანების სახლები, ავტომობილები და მოტოციკლეტები.
ხელისუფლებამ ჯარანვალში გასამხედროებული ქცედანაყოფები შეიყვანა და კომენდანტის საათი შემოიღო. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, აგრესიული ჯგუფები 6 ათასი ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცველების აზრით, ქრისტიანების მიმართ ბრალდება ფაბრიკაცია იყო. გამომძიებლების ვერსიით, რეალური მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო კონფლიქტი ადგილობრივი მაღაზიების მფლობელებსა და ქრისტიანული აღმსარებლობის ორ ახალგაზრდას შორის.
პაკისტანის უსაფრთხოების სფეროს კვლევის ცენტრის მონაცემებით, 1947 წლის შემდეგ, როდესაც პაკისტანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მკრეხელობისა და ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით ქვეყანაში 89 მოქალაქეა მოკლული.
პაკისტანში, ხელისუფლებამ არაერთხელ დაბლოკა სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსები, რომლებიც ხელისუფლების აზრით, ავრცელებენ მკრეხელობას, ამორალურ ან უხამს კონტენტს. ეს ეხება ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორიცაა YouTube, TikTok, გაცნობის პლატფორმა Tinder და ვიკიპედიაც კი.