ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის მაისურით არ უშვებენ სტადიონებზე, თუმცა სამაგიეროდ იმ არენაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, თავისუფლად შედიან რუსები მათთვის სასურველი ტრანსპარანტებით, ამიტომ ქართველი ახალგაზრდების პროტესტიც იყო ადეკვატური, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ბლექ სი არენაზე“ The Killer-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტი იყო კიდევ ერთი პროპაგანდისტული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კიდევ ერთი, მათ შორის პროპაგანდისტული პროვოკაცია “რუსული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ უკვე აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანებს, მაგალითად, გიორგი ანწუხელიძის მაისურით არ უშავებენ სტადიონებზე, თუმცა სამაგიეროდ იმ არენაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, თავისუფლად შედიან რუსები მათთვის სასურველი ტრანსპარანტებით, თუმცა ეს პროვოკაციაც ჩავარდა იმიტომ, რომ ქართველ ხალხს აქვს წინააღმდეგობის ბუნებრივი გრძნობა ოკუპაციის მიმართ , ოკუპანტების მიმართ და იმ პროპაგანდისტული ხაზის მიმართ, რომლის ოკუპაციის ასე ვთქვათ გამართლებას და ოკუპაციის ჩაბეჭდვას ემსახურება ხალხის ცნობიერებაში.
ასე რომ, როგორც საერთაშორისო პრესა აჭრელდა განცხადებებით, თუ როგორ იხდის ბოდიშს ეს ძალიან ცნობილი მუსიკალური ჯგუფი თავის საქციელის გამო, ისე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული წინააღმდეგობის გრძნობა. ქართველ ახალგაზრდობას განსაკუთრებით ექნება ასეთი მტკიცე პოზიცია, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.