უკრაინამ, შესაძლოა პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზში ნეიტრალური სპორტსმენების სახით მონაწილეობის უფლებას მისცემს. ამის შესახებ Deutsche Welle სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ვადიმ გუტცაიტს მიაჩნია, რომ უკრაინელების ბოიკოტს შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც თავიანთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე რუსული იმპერიალიზმის შედეგად დაზარალდნენ.
„თუ რუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან ეს სპორტის დღესასწაული პროპაგანდის დღესასწაულად გადააქციონ, როგორ ეს თავის დროზე ჰიტლერმა გააკეთა“, - აღნიშნა მინისტრმა. მან იგულისხმა 1936 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ბერლინში გამართული ოლიმპიური თამაშები.
გუტცაიტმა გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აგრესორ ქვეყანას თამაშებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.
მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ 35 ქვეყანა მზად არის პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის ნებას დართავენ. „სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინელების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ“, - დაწერა შმიჰალმა ტელეგრამზე და აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან რუსებმა მოკლეს 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი, დაანგრიეს და დააზიანეს 343 სპორტული ობიექტი.