ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მავნებლური განცხადებებით,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი“.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
„ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და დღეს არიან ჯანმრთელად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებიათ საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითაც, პირიქით, შვება უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც სიკვდილ გადაურჩნენ, ამიტომ ხელისუფლება ორკესტრირებულად გადასულია თავის მართლების რეჟიმში იმის მაგივრად, რომ პირიქით, ეძებდეს დამნაშავეს და იმასაც ხელს უშლის, რომ რეალურად მოიძებნოს დამნაშავე, ვინც ჩაიდანა ზოგადად სამსახურებრივი გულგრილობაც და არ მოეკიდა საქმეს ისე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შემდგომ უკვე საფრთხეს არ შეუქმნიდა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.