სტიქიის ზონაში ვერტმფრენები ჩამოვიდნენ დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
„ასევე, ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. ჰქონდათ საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა საფრთხის შემცველი იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ იქ დარჩენილები“,- აღნიშნა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, ღამით ვერტმფრენების სტიქიის ზონაში მუშაობა რისკის შემცველი იყო.
„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი – ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს საფრთხე, რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული. არ შეიძლება, რომ უბრალოდ, როდესაც შეიძლება დილით, სამ საათში გამოვიყვანოთ ადამიანები, გავრისკოთ და დავღუპოთ ან ვერტმფრენი, ან პილოტები. უსაფრთხო ადგილას იყვნენ ადამიანები, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება, რაღაცას ისე წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ ყაზბეგში, გუდაურში. იქაც გარისკეს პილოტებმა, რადგან ადამიანი ცოცხალი იყო. თუმცა მოხდა უბედურება.
როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება, ან მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკონ, ხომ?!
გამოძიება დაწყებულია. მე დილით ჩამოვფრინდი, მაგრამ ყველა გადმორთულები ვართ, პრემიერის დავალებით, რომ ეს ცხრა ადამიანი ვიპოვოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.