დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 500-მდე ჩვილს მონათლავს. პატრიარქის ნათლული კიდევ 500-მდე ბავშვი გახდება.
ნათლობის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში 16.00 საათზე დაიწყება და მასში 20-მდე სასულიერო პირი მიიღებს მონაწილეობას.
ნათლობის დასასრულს ჩვილებს უწმინდესი დალოცავს. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ.
პატრიარქის ინიციატივით, პატრიარქის ნათლულები ის ბავშვები იქნებიან, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი ეროვნების, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოჯახში მესამე ან მომდევნო შვილი იქნება. ტრადიციას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, ჩაეყარა. ამჯამად პატრიარქს 4000-მდე ნათლული ჰყავს.