გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
„რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს, აჯობებს, ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო დაზიანებებიდან გამომდინარე დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება წყლის დონეს რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია, თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა, იყო მინიმუმამდე დასული, ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არც ერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება არც კლება. დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები“, – განაცხადა კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.