ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი.
„სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, ყველა რესურსის ათვისება, რომელიც ამ პარტნიორობიდან შეიძლება, გამომდინარეობდეს. ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს სათანადოდ რეალიზებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
„რაც შეეხება ვალდებულებებს, მთავარი არის ის, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ორმხრივად საინტერესო, ორმხრივად მომგებიანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.