მმართველი პარტიისთვის ეს არის უკვე სამი ვადის დასასრული და მეოთხე ვადით იმავე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დატოვება ძალიან სახიფათოა მათთვისვე, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„უკვე ბევრი ნიშანია, რამდენად შეეზარდა ერთმანეთს ინსტიტუტები, რომლებიც ისედაც სუსტი და მყიფე იყო. უკვე ზღვარი წაშლილია და მმართველი პარტიის განახლების და პროგრესის რესურსი, დიდი ხანია, აღარ იგრძნობა. დემოკრატია ნიშნავს ცვლილებებს და მომავალი საარჩევნო წელი აუცილებლად უნდა იყოს ცვლილებების წელი“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარტიის შექმნის იდეა იყო, ამომრჩეველს 2024 წელს კიდევ ერთი ალტერნატივა ჰქონდეს და ეს ალტერნატივა დაეფუძნოს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ იდეასთან მდგომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება აქვთ, რომლებიც თავის დროზე სწორედ იდეის ირგვლივ შეიკრიბნენ და რომლებთანაც საუბრები, ბოლო თვეებია, სხვადახვა ფორმატში მიმდინარეობს.
შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მათ შორის მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საუბრები დაიწყო სწორედ მათთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ დატოვეს.
„მიზეზი, პრაქტიკულად, ყველასი ერთი და იგივე იყო. შეუთავსებელია ეს რეალობა იმ იდეასთან, რა იდეასთანაც ჩვენ ვიდექით 2012 წლამდეც და 2012 წელსაც, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუებულია“, – განაცხადა ბესელიამ.
გიორგი გახარიაზე საუბრისას, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა გახარიასთან თანამშრომლობა თავის დროზეც ჰქონდა, როცა ერთ გუნდში იყვნენ, მასთან საუბარი ნამდვილად არ უჭირს და ისინი სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობენ.