23 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი. შენობამ და შენობის შიდა ნაწილმა, ასევე მასთან მდებარე ნაგებობებმა, მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.
როგორც ცნობილია, გასულ ღამეს რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ოდესის წინააღმდეგ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. დაზიანდა ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.
რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების, ტაძრის... რუსულ ბოროტებას გამართლება არ აქვს. როგორც ყოველთვის ეს ბოროტება ახლაც დამარცხდება. ოდესის გამო რუსი ტერორისტები აუცილებლად აგებენ პასუხს. მათ სამაგიერო მიეზღვებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.