უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების, ტაძრის... რუსულ ბოროტებას გამართლება არ აქვს. როგორც ყოველთვის ეს ბოროტება ახლაც დამარცხდება. ოდესის გამო რუსი ტერორისტები აუცილებლად აგებენ პასუხს. მათ სამაგიერო მიეზღვებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა, ვინც დაზარალდა ამ მორიგი ტერორისტული თავდსხმის შედეგად, გაეწევა დახმარება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ხალხს ეხმარება.
„ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის საჭიროა რუსული ბოროტების დამარცხება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე 23 ივლისის ღამეს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
ქალაქის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.
რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.