სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში წითელი ხაზია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების უსაფრთხოება.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა AFP-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენი პოზიციით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით, მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მათი ჩართულობით. ჩვენ ამას ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგს ვუწოდებთ “, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ თუ ამ დიალოგს შუამავლის გარეშე დატოვებენ, მაშინ ის აზერბაიჯანის კარნახით წარიმართება.
„ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დიალოგი უნდა შედგეს საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, სადაც მოწმის სახით იქნება საერთაშორისო საზოგადოება“, -განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
შეკითხვაზე სჯერა თუ არა მას აზერბაიჯანთან მტკიცე მშვიდობის შესაძლებლობის, ფაშინიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებათა პროცესს აზრი არ ექნებოდა.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარანტირებულია შედეგების მიღწევა, იმიტომ რომ ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი არ არის, ომის ახალი ცხელი ფაზის რისკი რეალურია. ამასთან, ფაშინიანმა გაიხსენა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა თიტქმსიო ყოველ დღე ხდება.
ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა მიმდინარე ეტაპზე რჩება ის, სომხეთმა ხელი მოაწეროს იმას, რაც უკვე ზეპირსიტყვიერად ითქვა.
„თუ სომხეთი ამას მიიღებს და მთლიანად უარს იტყვის ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე აზერბაიჯანის მიმართ, მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ალიევმა.