ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, კონსულტაციები მაქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან, კომუნიკაცია მაქვს გიორგი გახარიასთან - ამის შესახებ პირველი არხის ცნობით, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ერთ-ერთი არჩევანი კონფიგურაციაა, რაც მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ამ იდეას ჰყავს სხვა მხარდამჭერებიც. სხვათა შორის, დიდი ხანია, ამაზე გიორგი გახარია თავადაც საუბრობს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, არამედ ალტერნატივა, სადაც ის ადამიანები, პოლიტიკოსები, პარტიები, შეიძლება, სამოქალაქო აქტივისტებიც მოვიაზროთ, ვისაც უფრო მეტი საერთო აქვს წარსულში. ასეთი შეიძლება, იყოს სწორედ „ქართული ოცნების“ სათავეებთან, პარტიის შექმნამდე ვინც გვყავდა თანამოაზრე ან იმის შემდეგ ვინც იყო და აღარ არიან. ვფიქრობ, ასეთი ტიპის კონფიგურაცია იქნებოდა საინტერესო, ამომრჩევლისთვისაც ერთ-ერთი ალტერნატივა იქნებოდა. განსაკუთრებით იმ ამომრჩევლისთვის, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და დღეს აღარ არის.
მე მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო „ქართულ ოცნებაში“. გვარებს დღეს არ ვასახელებ. ამ ადამიანებს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ არიან ამ იდეის მხარდამჭერები. კომუნიკაცია მაქვს გიორგი გახარიასთან და ყოველთვის მქონდა ჯანსაღი ურთიერთობა. მასში ვხედავ იმ პოტენციალს და რესურსს, რომელიც ძალიან სჭირდება ამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, მასთანაც გავაგრძელებ კონსულტაციებს და სხვებთანაც“, – აღნიშნა ბესელიამ.