„სტრატეგია აღმაშენებელი“, ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა და თავის დროზე გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც იდეოლოგიურად ყოველთვის ეკუთვნოდნენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას.
უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ, რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.