უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
უზბეკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.
„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.
საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.
ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.
მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.
პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.
მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.
პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.
განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დღეს ეწვია.
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.