გამოძიება ყველაფერს ჭირდება, თუ სადმე რაიმე დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ქრონოლოგიურად, გამოძიება ჯერ 7-8 მარტის ძალადობას უწევს. ჯერ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა ალბათ დრო, ლისზე მომხდარი მოვლენები იქნას გამოძიებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა 7-8 მარტს ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული.
„7-8 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმი იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს. რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც ათასი სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ლისზე ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა. ძალადობა ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული 7-8 მარტს. ამიტომ, ჯერ ყველამ უნდა მოიკითხოს 7-8 მარტის მოძალადეების, ძალადობის საკითხი, მერე ყველაფერი დანარჩენი“, – განაცხადა კობახიძემ.