არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია და არანაირ თანამდებობებს არ ვანაწილებთ. პრემიერის კანდიდატის შერჩევას თავისი წესები აქვს, ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურად დასახელების შესახებ.
მისი თქმით, საუბარია, ოპოზიციურ ერთობაზე და ერთიანი ძალებით „ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებაზე,
„ახლა არის 2023 წლის ივლისი, პრემიერობის კანდიდატზე მომავალი წლის ამ დროს ვისაუბროთ. მე განვაცხადე, რომ კონსულტაციები გვაქვს პარტიებს შორის, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ, თორემ ვინ იქნება პრემიერი შემდეგ წელს ამ დროს ან რამდენიმე თვით ადრე გავიგებთ. იმიტომ რომ თუ 2024-შია არჩევნები, ყველანაირი ლოგიკა გვკარნახობს, რომ რამდენიმე თვით ადრე დასახელდეს კანდიდატი. მანამდე ჩვენ ვეცდებით, რომ ვაშაძესთანაც და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიებთან გვქონდეს კომუნიკაციაც, კოორდინაციაც და ერთობლივი შეტევაც ამ რეჟიმზე, რომელიც მიგვაქანებს რუსეთისკენ, რომელსაც არ უნდა არანაირი რეფორმა, რომელსაც უნდა, რომ არჩევნები გააყალბოს- ამ მიმართულებით არ უნდა იმუშაოს ოპოზიციამ? ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ ერთი წელი, არანაირ თანამდებობებს არ ვანაწილებთ. პრემიერის კანდიდატის შერჩევას თავისი წესები აქვს, ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი და ა.შ. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ოპოზიციური ერთობა უნდა გაიშალოს და ამ ქოცურ რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოასწრონ და გვაქციონ რუსეთის უკანა ეზოდ და ის, რომ ვერ მოახერხონ არჩევნების წინასწარ გაყალბება. ჩვენ ვლაპარაკობთ არა ერთიან სიაზე, არამედ ერთიან ბრძოლაზე რუსეთის უკანა ეზოში საქართველოს შეყვანის წინააღმდეგ.“ - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი გიორგი ვაშაძის პრემიერ მინისტრობის შესაძლო კანდიდატურას.