ყველაფრისთვის რუსულის დაძახება არის იმის გამოხატულება, რომ რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს. რუსულს უწოდებენ ყველაფერს, რაც ქართულს, საქართველოს ინტერესებს გამოხატავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებენ.
„მათთვის ყველაფერი არის რუსული, მათ შორის საპატრიარქო, მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო საქმიანობა. მათთვის რუსული გამოდის სინონიმი ქართული საქმის კეთების. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია და რუსული სტილის რაღაც რბილი ძალის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია. ერთ-ერთ დიპლომატს უყვარს ხოლმე თქმა, „კაგებეს“ სახელმძღვანელოებში წერია ასეთი რაღაცებიო და ზუსტად ასეთი რამ არის, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს – სპეცსამსახურების სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედებს. ისინი სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ყველაფერ ქართულს რუსულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.