„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას დღეს განაცხადა: „8 ივლისს დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დასჯიან“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 ივლისის მოვლენებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი ძალადობის თავიდან ასარიდებლად და შსს-ს დამსახურებაა, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა.
„შსს-ს გუნდს ეკუთვნის მადლობა და არ მგონია, რომ სწორი იყო შეფასება, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხრიდან. რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი, რომ ელჩის საქმე არ არის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით ვინმესთვის შეკვეთების მიცემა, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე, პირველ რიგში, ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს. ქრონოლოგიურად ასე უწევს და შემდეგ შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი, ეს არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის, შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები და ისინი იღებენ ამ თემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.