დედები ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციას SMSის საშუალებით მიიღებენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივის საფუძველზე, შესაბამისი პროექტის ფარგლებში სპეციალური სისტემა შეიქმნება, რომელიც მშობლებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.
პროექტის "პოზიტიური დედობა" პრეზენტაცია 17 დეკემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. მას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მუნაში; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ინფორმაცია ბავშვის მოვლის შესახებ ეფუძნება საგანგებოდ შექმნილ წიგნს, სახელწოდებით `ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი~. წიგნი ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა. ეს წიგნი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების ინდივიდუალური ისტორიაა და მიზნად ისახავს დააფიქსიროს ბავშვის ზრდა და განვითარება დაბადებიდან 6 წლამდე. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მონაწილეობს აღნიშნული წიგნის პოპულარიზებაში და 6 წლამდე ბავშვთა მოვლის შესახებ მშობლებისათვის საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გასაგებ და მარტივ ენაზე სატელეფონო შეტყობინებების სახით გავრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ბილაინის, მაგთისა და ჯეოსელის მობილური კავშირის საშუალებით", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
მათი განმარტებით, მშობლები, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საბუთის მიღებისთანავე ასევე აირჩევენ ენას (ქართული ან რუსული), რომელზედაც ისინი შესაბამისი ინფორმაციის მიღებას ისურვებენ.
ახალი პროგრამა ასევე შესაძლებელს გახდის მოსახლეობისავის სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.