ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო, - შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება.
„სამწუხაროა, რასაც ვისმენთ, შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც ისტორიულად იყო ხოლმე საქართველოში გამოყენებული – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ – საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ ეს იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ დააკონკრეტებს ვინ ებრძოდა მეუფე შიოს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას.
„ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდეს საქმეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.